სალომეა

ერთი ჯადოსნური სიტყვის შესახებ

%(count)s კომენტარი

როცა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებზე ვფიქრობ, პირველ რიგში, მისაღები გამოცდები მახსენდება, მისაღებ გამოცდებზე _ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბეები, მაღლივის კიბეებზე _ უამრავი აბიტურიენტი და მათი მშობლები, წყლის ბოთლებით, გაშლილი ქოლგებით, დასაფენად და დროის გასაყვანად მომზადებული გაზეთებით, ნერვიულობა და გადაძახილები. განსაკუთრებულად მახსენდება ფირუზისფერი თავსაფარი, გნებავთ, ბენდენა, რომელიც უაღრესად მოდური გახლდათ ორიათასიანი წლების დასაწყისში. მისი პატრონი, ძალიან ლამაზი გოგო, რატომღაც დიდად არ მომეწონა და პირველი, რაც მისი დანახვისას გავიფიქრე, ის იყო, რომ თუ ორივე ჩავაბარებდით, მასთან არასოდეს ვიმეგობრებდი.

კარგია, რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე კი არ ხდება, როგორც ჩვენ გვგონია უკეთესი, არამედ ისე, როგორც მართლა უკეთესია. მე და ის გოგო, ფირუზისფერი ბენდენით, ერთად აღმოვჩნდით ქართული ლიტერატურის ზეპირი გამოცდის მომლოდინეთა გრძელ რიგში. აღარ მახსოვს, რომელს მოგვერია მოწყენილობა პირველად, მაგრამ საბოლოოდ, ერთმანეთს მივუბრუნდით და მივესალმეთ. დღეს ის ჩემი ერთერთი საუკეთესო მეგობარია, ჩემი ადამიანი, რომლის გარეშეც ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი ხდება.

უნივერსიტეტში ჩაბარებისას, გამოცდების გარდა, სხვა რამეც მადარდებდა _ როგორ შევეგუებოდი ახალ ადამიანებს, როგორი იქნებოდა ჩემი ურთიერთობა მათთან. მხიარული და მომღიმარი ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ. იყო ასეთი დროც ჩემს ცხოვრებაში _ ადამიანებთან ურთიერთობის დაწყება ისე მიჭირდა, გამარჯობის თქმას, მერჩივნა, ალგებრისა და გეომეტრიის ამოცანებით სავსე მთელი რვეული ამომეხსნა. არადა, ქუთაისში გავიზარდე, ქალაქში, სადაც „უსალმო“ ერთერთ ყველაზე ცუდ შეფასებად ითვლება, სადაც კარგ გამარჯობას უდიდეს სიხარულად მიიჩნევენ, სადაც ხშირად უცნობი ადამიანებიც კი ესალმებიან ერთმანეთს.

გავიდა დრო, ბავშვობა დამთავრდა და მე მივხვდი, რომ პირველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია _ მისალმებით იწყება მეგობრობა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება, მეზობლობა, რომელიც, გაჭირვების ჟამს, ყველა ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი შეიძლება, აღმოჩნდეს და უფრო მეტიც, ზოგჯერ იგივენაირად იწყება სიყვარულიც, რომლის პოვნაც, ხანდახან, არც ისე რთულია, თუ საჭირო დროს საჭირო სიტყვას იტყვი.

როცა კიდევ უფრო გავიზარდე, ბევრ ენაზე ვისწავლე მისალმება, ვისწავლე, როგორ უნდა გაუღიმო ადამიანებს, რომლებიც მოგწონს, მაშინაც კი, როცა მათ არ იცნობ, ვისწავლე, როგორ უნდა გაუწოდო სხვებს ხელი პირველი შეხვედრისას. ეს ყველაფერი ჩემს მეგობრებთან ერთად ვისწავლე, ჩემს ქართველ, გერმანელ, ლიტველ, პოლონელ, ჩეხ, იტალიელ, ისლანდიელ, ბერძენ, სომეხ, აზერბაიჯანელ და სხვა ეროვნების მეგობრებთან ერთად, რომლებიც გზადაგზა, ქვეყნებსა და საკუთარ თავში ხეტიალისას შევიძინე, რომლებსაც ეყოთ მოთმინება, ჩემთვის ურთიერთობა ესწავლებინათ, სიტყვების დაფასება ესწავლებინათ გოგოსთვის, რომელიც სიტყვებს ოდესღაც მხოლოდ წერის დროს უფრთხილდებოდა.

სანამ ჩემს დოკუმენტებში გაჩნდებოდა წარწერა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ, როგორღაც მოვახერხე, ჩემი პატარა, ინტროვერტი თავი პირად ურთიერთობებში ვამეცადინე, გავზარდე და ვაქციე ადამიანად, რომელიც კომუნიკაციის საფუძვლებს უკვე სხვებს უხსნის. დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია.

ნუ დაინანებთ, ან დაიზარებთ გამარჯობის თქმას. ნუ იფიქრებთ, რომ ვიღაცას თქვენი მისალმება ეზედმეტება (თუკი ასე მოხდება, ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი), ნუ იდარდებთ, რომ არ გიპასუხებენ, თქვით გამარჯობა ყველგან, ეზოში, სამსახურში, უბნის მაღაზიაში, ბაზარში, ყველგან, სადაც შესაძლებელია.

ყველაფერი გამარჯობით იწყება.

One thought on “ერთი ჯადოსნური სიტყვის შესახებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s