სალომეა

საშობაოდ, ბავშვებს

3 Comments

პირველად 2005 წლის აპრილის ბოლოს მივხვდი, რომ გავიზარდე, როცა სააღდგომოდ ქუთაისში ჩასულმა, სადარბაზოში, კიბეზე გავიგე, რომ ჩემმა მეგობარმა შვილი გააჩინა _ სერგი, პატარა, ლამაზი ბიჭი. მივხვდი, მაგრამ ახალ მდგომარეობას, მდგომარეობას, რომელსაც სამეგობროში ბავშვის ყოლა ჰქვია, კიდევ ერთი წელი ვუძალიანდებოდა, იმ დღემდე, სანამ მეორე მეგობრის შვილი არ დაიბადა _ ანანო, ნამცეცა გოგო, დიდი თვალებით. ის ახლა ჩვენი მეგობარია, რომელიც ყველას დიდი გვგონია, იმიტომ, რომ მის შემდეგ დაიბადნენ სხვები, ჩემი მეგობრების გოგონები და ბიჭები, რომლებმაც მოიტანეს ბევრი ცვლილება, სიხარული, ნერვიულობა, ხმაური, რომლებმაც სხვა ცხოვრება დაანახეს ჩემს მეგობრებს.

მე ხშირად ვწუწუნებ ჩემების უდროობაზე, იმიტომ კი არა, რომ უყურადღებოები არიან, ალბათ უფრო იმიტომ, რომ შვილების დაბადებასთან ერთად ცვლილებები ბუნებრივად მოდის და რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ჩემს ბავშვობის მეგობარს უფრო მეტი საერთო ახლა თავის სხვა მეგობართან აქვს, რომელიც მასავით ორი შვილის დედაა, ბავშვები ერთად დაყავთ დასასვენებლად, ერთი და იგივე პრობლემები აწუხებთ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ა.შ. მე კი ვერაფრით გავიზარდე, ვერაფრით მივეჩვიე აზრს, რომ ერთ დღეს, შეიძლება, მეც ვიყო პასუხისმგებელი სხვა ადამიანის აღზრდაზე, განათლებაზე, ჭამაზე და ჩაცმაზე. ჩემი ახლანდელი ისტორიები ჩემსავე ხუთი-შვიდი წლის წინანდელ ისტორიებს ჰგავს _ მე ისევ ვწერ, ისევ ვწერ ვიღაცაზე, ისევ სადმე, უცხო ქვეყანაში გაქცევაზე მიჭირავს თვალი, სამსახური ისევ მთავარზე მთავარია, თუმცა ერთი პატარა დეტალი ამჟღავნებს მომატებულ წლებს _ უძილობას ძველებურად ვეღარ ვუძლებ.

ბევრჯერ დამიწერია და აქ აღარ დავწერ, როგორ გამიმართლა მეგობრებში. მე მჯერა, რომ ადამიანებს თავიანთი კარგი საქციელი უკან უბრუნდებათ, მაგრამ მაინც არ ვიცი, როგორი აღმოვჩნდი ჩემი მეგობრების შვილებისთვის, ალბათ არც ისე კარგი. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს მითამაშია მათთან დაჭერობანა, არც მაგიდის ქვეშ მიფორთხია, არც ცეკვა-სიმღერით გამომიჩენია თავი. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი _ როცა გოგოები სადღაც ვსხედვართ, პიცას ვჭამთ და სისულელეებზე ვლაპარაკობთ, ამ დროს კი დედამისს გამოტირებული კატო, რომელიც გვერდით მიზის, მკლავზე ლოყას მადებს, იმ წამს ყველაზე კეთილი ვარ, ყველაზე გულჩვილი და ყველაზე მიმტევებელი. ზუსტად ასეთი ვარ მაშინაც, როცა რომელიმე მათგანი მეძახის, მკლავებს შლის და მეხუტება.

თითოეული მათგანის დაბადება კარგად მახსოვს, მახსოვს, სად ვიყავი, რა ხდებოდა, როგორები იყვნენ, როცა პირველად ვნახე. მახსოვს როგორ ირეოდა ჩემს გარშემო თესალონიკის სადგური, როცა საბა გაჩნდა, მახსოვს, როგორ ავიყვანე ორი დღის ირიშკა და ძალიან შემეშინდა, რაიმე არ დამეშავებინა, მახსოვს, როგორ ველაპარაკებოდი მაიკოს მთელი ღამე დემნას დაბადებამდე და ვუთხარი, ძალიან მიყვარს შენი ბიჭი-მეთქი. თავს დავდებ, რომ ძალიან გულწრფელი ვიყავი. ხშირად, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მათ ჩემდამი სიყვარულზე ვფიქრობ, ვიხსენებ, როგორ ვახსენდებოდი ლილეს კონკიას ფერია ნათლიის დანახვისას და როგორ სჯეროდა ნიტას, რომ ფრენა შემეძლო.

ხშირად მიფიქრია, რა უმადური ვარ, რომ ძალიან ჩვეულებრივ ფაქტად აღვიქვამ იმას, რაც ჩემს ირგვლივ ხდება _ ამდენ ლამაზ და ჯანმრთელ ბავშვს. რა ეგოისტი ვარ, რომ მათი მშობლების უდროობაზე ვწუწუნებ, უფრო სწორად, იმაზე, რომ დროში ჩემს ღამისთევებს და კინოში ბოლო სეანსებზე სიარულის სურვილს ზოგჯერ ვერ ეწყობიან. რა ცუდი ადამიანი ვარ, რომ მათ მიმართ სითბოს გამომჟღავნება ცუდად გამომდის, არც მხიარული დეიდების რიცხვს მივეკუთვნები. თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ გაიზრდებიან და გაიგებენ, რამდენს ნიშნავს მათი ბედნიერება ჩემთვის. მერე კი მეც მეყოფა გამბედაობა, ვუთხრა მათ, რომ თითოეული მათგანის დაბადებამ მე გამხადა გაცილებით უკეთესი ადამიანი, ვიდრე ვიყავი, რომ თითოეული მათგანის სიყვარული იყო ჩემთვის უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენა, რომ მათ გარეშე ჩემი ცხოვრება იქნებოდა გაცილებით უფერული და მოსაწყენი, ვიდრე დღესაა, რომ მე მათთან ერთად ვიზრდები და ვინ იცის, იქნებ ოდესმე კარგი გოგოც გამოვიდე.

და ბოლოს, შობის ღამეს, რომელიც მე, დღესასწაულების მოძულე ადამიანს, ძალიან მიყვარს, ხმამაღლა ვეუბნები ჩემს ცხოვრებას მადლობას ჩემი მეგობრების შვილებისთვის, რომელთა სახელებსაც აქ არ ჩამოვწერ _ ბევრნი არიან და ჩემი უძილობისგან გამოფიტული თავის ამბავი რომ ვიცი, შეიძლება, რომელიმე გამომრჩეს კიდევაც. ამიტომ აქ, ამ სიტყვებს შორის, ჩემს ყველა მეგობარს შეუძლია, თავისი შვილის სახელი ჩაწეროს და თუ მოესურვება, გაუხარდეს.

განსაკუთრებული მადლობა ბარბარეს გამო, რომელიც ჯერ მხოლოდ ოთხი დღისაა და პირველ შობას ხვდება. ამ პოსტის დაწერა მისმა დაბადებამ გადამაწყვეტინა.

და კიდევ _ დიდი მადლობა ჩემი ყველაზე საყვარელი ბავშვების დედებს, იმისთვის, რომ შვილების პარალულურად, ჩემს კარგად ყოფნაზეც ზრუნავენ.

3 thoughts on “საშობაოდ, ბავშვებს

  1. ძალიან მიყვარს სალომე შენი ჩანახატებიც და ლექსებიც,ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობ,ჩემს თავს ვპოულობ.მეც ვწერ….სიამოვნებით გაგიცნობდი უფრო ახლოს.მარიამი🙂❤

  2. ყველა შენი მეგობრის შვილის დედიკოსგან მადლობა შენ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s