სალომეა

ორი ნაპირი

2 Comments

მოთხრობა დაიწერა პროექტისთვის “მწერლები VS მკვლელები”

***

წყალი ლურჯი იყო და გამჭვირვალე. ქეთა ზურგზე იწვა და ცას უყურებდა. კუნძულზე ერთი თვის წინ გადმოვიდა, დეიდამისის ნათლულმა, ნანიკომ, სეზონური სამსახური უშოვა ზღვისპირა ბარში. მანამდე ერთ მდიდარ ოჯახში მუშაობდა, ათენში. სასტიკად ექცეოდნენ. დღისით ჭამის უფლება არ ჰქონდა. საღამომდე გული რომ არ წასვლოდა, ცოტა პურს და ფეტას ნაჭერს პარკში ახვევდა და ნაგვის ვედროში მალავდა, რომ ნაშუადღევს, როცა ნარჩენებს გადასაყრელად გაიტანდა თეთრსვეტებიანი, პრიალა სახლიდან, ორიოდე ლუკმა ჩუმად გადაეყლაპა.

ქვიშა ცხელი იყო და ოქროსფერი. ქეთას შეუყვარდა კუნძული. აღარც გაიხსენებდა ათენს, იქ დედა და სამი წლის ლუკა რომ არ დაეტოვებინა. ან რატომ უნდა გაეხსენებინა. სამი წელი ისე იცხოვრა, ერთი დღეც არ გაუტარებია მშვიდად. საბუთები ვერა და ვერ მოაწესრიგა. ყოველდღე შეშინებული გადიოდა სახლიდან, ცდილობდა, თვალში არავის მოხვედროდა. არადა, ტრანსპორტის შესაცვლელად მთელი ომონია ფეხით უნდა გაევლო. ქეთამ არ იცოდა იმ ბიჭის სახელი, ახალგაზრდა პოლიციელის, ყოველ მეორე დღეს მოედნის კუთხეში რომ მორიგეობდა, ერთხელ შემთხვევით რომ გააჩერა შეშინებული, ჩვიდმეტი წლის გოგო, უსაბუთო, მშიერი და შეიცოდა. შეიცოდა და გაუშვა.

_ ფრთხილად იყავი _ უთხრა ჩუმად _ ყოველდღე მე არ შეგხვდები.

ქეთა დღეგამოშვებით ხედავდა მას და ყოველ ჯერზე უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგალითად, „გამარჯობა“, „მადლობა“, ან სულაც, „საღამოს კინოში წავიდეთ“, მაგრამ სიტყვა არასოდეს დაუძრავს. ქეთა თავისი გზით მიდიოდა, ის კი, ახალგაზრდა პოლიციელი, საგულდაგულოდ დაყენებული თმით და თეთრი, ქათქათა ღიმილით, გაუნძრევლად იდგა მოედნის კუთხეში და ისე, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია, ქეთას ნაბიჯებს სმენით მისდევდა ავტობუსების გაჩერებამდე.

ხმაურიანი და ნათელი კუნძული იყო ჰიდრა, ისეთი, სიცოცხლის ხალისს რომ დაგიბრუნებდა. აქ პოლიციელებიც კი იშვიათად ატარებდნენ რეიდებს. ქეთას მოსწონდა ბარში მუშაობა. ადამიანებს უღიმოდა, ისინიც უღიმოდნენ. ერთადერთი, ინგლისური ვერა და ვერ ისწავლა. იმ დღეს გოგოები მოვიდნენ, სამნი, გარუჯულები, კარგად ჩაცმულები, ერთი ძალიან ლამაზი, წითელი პომადითა და გრძელი ფრჩხილებით, დანარჩენ ორსაც არაუშავდა. ისხდნენ, იცინოდნენ. რაღაც უთხრეს ქეთას ინგლისურად. ვერაფერი გაიგო და თავდახრილი აიტუზა მაგიდასთან. ნანიკო მიეშველა და ზურგსუკან ამოუდგა.

_ ვერ გავიგე, მგონი, ჩაი უნდათ _ გადაულაპარაკა ქეთამ.

გოგოებს კიდევ უფრო ხმამაღლა გაეცინათ.

_ ნაყინი გვინდა, ნაყინი _ ქართულად თქვა წითელპომადიანმა არა და მეორემ, წაბლისფერთმიანმა, სათვალე მოიხსნა და ქეთას ახედა.

სტუდენტები აღმოჩნდნენ, სალონიკში სწავლობდნენ და არდადეგების გასატარებლად ჩამოსულიყვნენ ჰიდრაზე. ქეთასაც გამოკითხეს რაღაც-რაღაცები. კითხვებს უფრო მესამე სვამდა, ქერათმიანი, თან მზისგან დამწვარი ცხვირიდან ფრთხილად იძრობდა ტყავს. ცუდი გოგოები არ ჩანდნენ. ნაზი, მოვლილი ხელები ჰქონდათ, თმაც უბზინავდათ. ტელევიზიას, ნახატებს და რაღაც იურიდიულ ტერმინებს ახსენებდნენ. ქეთამ ბევრი ვერაფერი გაიგო, უბრალოდ, მიხვდა, რომ ის არასოდეს ყოფილა ბარში მეგობრებთან ერთად, აი, ასე, ლაღად და ბედნიერად, დასასვენებლად, ენის მოსაფხანად, ლამაზად ჩაცმული, ფრჩხილებწაწვეტებული, ტუჩებშეღებილი. ათენში ორჯერ წავიდა ყავის დასალევად სხვა ქართველ გოგოებთან ერთად. ორივეჯერ გული უკანკალებდა, ვაითუ, საკმარისი არ ყოფილიყო ხელფასიდან გადარჩენილი რამდენიმე ევრო.

მანამდე კი… მანამდე არსად დადიოდნენ ის და გივიკო, ანუ ლუკას მამა, ანუ ქეთას ქმარი, რომელსაც თხუთმეტი წლისა გაყვა ცოლად და ბავშვის დაბადებამდე სამი თვით ადრე გაშორდა. სულელი, პატარა ბიჭი იყო გივიკო, ცუდი არა, არც ბოროტი, არც ეჭვიანი, უბრალოდ, სულელი. არც ცოლი ჭირდებოდა და არც შვილი. ჰოდა, ადგა ქეთა და წამოვიდა. ბევრი არ უდარდია. არც გივიკოსთან იყო ბედნიერი, არც გივიკოს გარეშე. სკოლა ვერ დაამთავრა. მათემატიკის მასწავლებელი კი მივიდა ერთხელ მამამისთან, გონიერი გოგოა, ხელი შეუწყვეთ, ისწავლოსო, მაგრამ მამამ წარბები შეყარა, ბავშვიანი ქალის მერხთან ჯდომა ვის გაუგიაო და კარამდეც კი არ მიაცილა გაწბილებული მასწავლებელი.

წყალი ლურჯი იყო და გამჭვირვალე. ქეთა წამოდგა, გამხდარი ფეხები მსუბუქად მიარტყა ერთმანეთს და ქვიშა დაიფერთხა. ბიჭების ხორხოცი მოესმა _ სახელდახელოდ გაეჭიმათ სათევზაო ბადე ჯოხებს შორის და ფრენბურთს თამაშობდნენ, თან დროდადრო ქეთასკენ აპარებდნენ თვალს. ქეთა შეიშმუშნა, სასწრაფოდ გადაიცვა სარაფანი, პირსახოცი მხარზე გადაიკიდა და ვიწრო ბილიკს ბარისკენ აუყვა.

***

ზემოთ, სახლებისკენ, წყალი თხელი იყო. იცოდა ქეთამ. მხიარულად მიუყვებოდა მდინარე სოფელს და ხიდის ქვეშ მორევად იქცეოდა.

სოფელში, ბებიასთან, მაშინ ჩამოვიდა, გურამმა მესამედ რომ სცემა. ხელცარიელი გამოვიდა სახლიდან, ფეხით მივიდა გაყინულ სადგურში და მიკროავტობუსის მძღოლს უფასოდ წაყვანა სთხოვა. მანდარინის ყუთებზე დაჯდომა შესთავაზეს. სკამები ბილეთიან მგზავრებს სჭირდებოდათ. დათანხმდა.

სოფელი ბევრს ლაპარაკობდა. არადა, თითქოს ქეთაც უყვარდა სოფელს, ქეთას ბავშვობა მაინც უყვარდა, ფეხებდაკაწრული და ჭრელკაბიანი, ჭალებს და მინდვრებს მოდებული, ლამაზი. ორჯერ გათხოვილი და საბოლოოდ, ბებიასთან დაბრუნებული ქეთა მაინც ვეღარ შეიგუა სოფელმა.

გურამი სკაიპით გაიცნო, კუნძულზე ყოფნისას. ის ოცდათვრამეტი წლის იყო, სიმპათიური, უმუშევარი, მოლაპარაკე. ბევრს ეწეოდა. ქეთას არ ახსოვდა, როგორია, როცა ვიღაცას უყვარხარ, როცა გეუბნებიან, რომ ლამაზი ხარ, როცა გეკითხებიან, როგორ ხარ. უფრო სწორად, არ ახსოვდა კი არა, არც იცოდა. ბევრი არ უფიქრია. ადგა და ჩამოვიდა. ლუკა დედასთან დატოვა, ათენში. ბიჭმა იტირა, დედამ ივიშვიშა, ქეთამ ორივეს წაუყრუა. ორი დღე-ღამე იმგზავრა ავტობუსით გურამთან შესახვედრად და ახალი ცხოვრების დასაწყებად, რომელმაც ვერაფრით აჯობა ძველს.

სახლიდან წამოსვლის წინ ქეთამ სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა ჯვრისწერის ბეჭედი, რომელზეც შიგნითა მხარეს ბაცად ამოეტვიფრათ ”უფალო, შეგვიწყალენ!” გურამს ეძინა.

სოფელზე და სახლზე მეტად მდინარე ენატრებოდა ქეთას, მისთვის ამბების მოყოლა და ცუდი სიზმრების გატანება. მეტი არაფერი.

ხიდიდან გადაიხედა და საკუთარი ანარეკლი დაინახა. ცხრამეტი წლის თავზე, თვითონ ქცეულიყო ცუდ სიზმრად. ტალღებს უნდა წაეღო ძველი ქეთა, რომ სადმე, ოდესმე დაბადებულიყო ახალი, დილასავით ნათელი და ბედნიერი, ბავშვობის მდინარესავით ძლიერი და გამჭვირვალე.

წყალი ცივი იყო, ზამთრის ღამეებში გადაფარებულ საბანს ჰგავდა, საკუთარი სხეულით რომ უნდა გაათბო, სანამ შეიგუებ.

_ მოხვედი? _ იკითხა მდინარემ.

_ მოვედი _ თქვა ქეთამ და თვალები დახუჭა.

2 thoughts on “ორი ნაპირი

  1. რა კარგია სალომე.

  2. ემოციურია და არ არის გადატვირთული ძალადობის სცენებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s