სალომეა

გოგონა ოქროსფერი თმით

5 Comments

ჩემს მეგობარ ულრიკეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თმა აქვს _ ოქროსფერი, ტალღოვანი. წელამდე…

ერთმანეთი რომ გავიცანით, გრილი, ყვითელი, ბალტიისპირული შემოდგომა იდგა. საერთო საცხოვრებელში ბევრი სტუდენტი ირეოდა, ზოგის სახელი ვიცოდი, ზოგის არა. ერთ დღესაც, უნივერსიტეტში, ლექციების შეცვლილ ცხრილს ვკითხულობდი, როცა ვიღაცის ხმამ მომახედა:

_ სალომე, ლამაზი ქვედაბოლო გაცვია _ ჩემს ზურგსუკან ორი გერმანელი გოგო იდგა. მიღიმოდნენ. ასე შევხვდი ულრიკეს და იუდიტს.

მერე მის დაბადების დღეზე ბევრი კარტოფილიანი ღვეზელი გამოვაცხვე ცხოვრებაში პირველად. მაშინ ჯერ კიდევ არ ვმეგობრობდით, ვერც ცხობის ხელოვნებას ვფლობდი, მაგრამ თავი გამოვიდე და გამოვაცხვე.

ერთ საღამოს ჩემი ოთახის კარზე კაკუნი გაისმა _ ულრიკე მოვიდა და მთხოვა, საქართველოზე მომეყოლა რაიმე.

იმ დღიდან მოყოლებული, არასოდეს მივუტოვებივარ.

ბევრი გრძელი ღამე გაგვითენებია ლაპარაკში.

ბევრი გრძელი ღამე გაგვითენებია მხიარულებაში, ცეკვაში და ბევრი ცივი დილა გაგვიტარებია ავტობუსის მოლოდინში,ზოგჯერ _ ლექციაზე წასასვლელად, ზოგჯერ კი კლუბიდან შინ დასაბრუნებლად.

ულრიკე ჩემთვის ის ადამიანია, რომელმაც საქართველოში ჩემი სიყვარულით იმოგზაურა, მერე კი თესალონიკში ჩამოვიდა ჩემს ცუდ ხასიათთან საბრძოლველად.

ულრიკე ჩემთვის ის ადამიანია, რომლისიმედიც ყოველთვის მაქვს, რომელსაც უპირობოდ სჯერა ჩემი, რომელთანაც შემიძლია, ყველაზე გულახდილი და გულჩვილი ვიყო, რადგან ზუსტად ვიცი _ ყველაფერს გაიგებს.

მაშინ, როცა ცხრამეტი წლის ვიყავი, მან საკუთარი თავის სიყვარული შემაძლებინა და დამანახა, რომ ადამიანები არიან ძალიან კარგები, თუკი ამის გჯერა.

ჩვენს რამდენიმე მეგობართან ერთად, მან მასწავლა, როგორ უნდა სცემდე პატივს სხვის ტრადიციებს, სხვის წესებს, სხვის რელიგიას.

ორი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწის ზურგზე _ ვილნიუსი და ბერლინი _ ჩემთვის ულრიკეა.

2013-ში ჩემს დაბადების დღეს ერთად უნდა შევხვედროდით ვილნიუსში, მაგრამ ჩემი მიზეზით, გეგმები აირია და გადავწყვიტეთ, შეხვედრა 2014 წლისთვის, მისი დაბადების დღისთვის გადაგვედო.

არ მინდა, ოდესმე ვინანო, რომ 2013-ის ნოემბერში ვილნიუსში ჩასვლას თავი ვერ მოვაბი. არ მინდა, ოდესმე აღმოჩნდეს, რომ მისი ნახვის ბოლო შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან.

ბოლოს 25 დეკემბერს ვილაპარაკეთ, არაფერს უჩიოდა.

ამ დილით კი გავიგე, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

მთელი ძალით ვცდილობ, თავი დავაჯერო, რომ შორს წასულ მედიცინას უკვე შეუძლია, მოულოდნელად აღმოჩენილ დაავადებას, თავის ტვინის მესამე სტადიის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ამბობს, რამდენ ხანს გაუძლებს ჩემი მეგობარი _ ერთ დღეს, ორ კვირას თუ… მოკლედ, არავინ იცის.

ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, 2014 წლის 19 სექტემბერს ვილნიუსში ერთად შევხვდეთ, მოვიაროთ ყველა ადგილი, რომელიც გვიყვარს, ჩაი დავლიოთ „თეთრ სპილოში“, სადაც მოსაბეზრებელ ლექციაზე ჯდომის ნაცვლად ვიპარებოდით, დილამდე ვიცეკვოთ „პროსპექტოში“ და “სოლე ლუნაში“, დაუსრულებლად ვილაპარაკოთ მის დალაგებულ და ჩემს დაულაგებელ პირად ცხოვრებაზე, ჩვენს მეგობრებზე, ცხოვრებაზე, ჰიტლერზე და სტალინზეც კი, ბოლოს კი ვთქვათ, რომ აი, ამჯერადაც ისე გამოგვივიდა, როგორც გვინდოდა და შემდეგი შეხვედრის თარიღი დავთქვათ.

პირობას ვდებ, თუ ჩემი ცხოვრება ისე არ გამიმეტებს, რომ საუკეთესო მოგონებები ერთ დიდ ტკივილად მიქციოს, აღარაფერზე, აღარაფერზე დავიწუწუნებ.

ჩემს მეგობარ ულრიკეს, რომელიც მხოლოდ ოცდაცხრა წლისაა და ქიომიოთერაპიის დაწყების მოლოდინში ბერლინის რომელიღაც კლინიკაში წევს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ოქროსფერი თმა აქვს…

5 thoughts on “გოგონა ოქროსფერი თმით

  1. გამაჟრჟოლა………ვფიქრობ, როცა ერთ ადამიანს მაინც უყვარხარ ასე ძალიან, იქ ყველაფერი კარგად იქნება❤

  2. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება…

  3. აუცილებლად ჩახვალ! 2014 წლის სექტემბერშიც და მერეც ბევრჯერ!

  4. სალომე საოცრად ქალური წერის სტილი გაქვს,ეს უბრალოდ ჩემი აზრია,შენი ბლოგი ისე საინტერესოა ვერ მოვწყდი და რამდენჯერმე გადავიკითხე.თუმცა მხოლოდ ამ პოსტზე მომინდა კომენტარის გაკეთება:საოცარია,როცა 2 სხვადასხვა კულტურის,ცივილიზაციის და რელიგიის შვილი ასე უახლოვდება ერთმანეთს,ასეთი სულიერი მეგობრობა ბევრს არ შეუძლია….მჯერა შენი მეგობარი გამოჯანმრთელდება. უფლის გჯეროდეს….წარმატებებიი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s