სალომეა

სანდრო, „სიგუა“ და ოთხმოცდაათიანების მომწარო სურნელი

3 Comments

ნამცხვარი არასოდეს გამომიცხვია.

საერთოდაც, შეგიძლიათ, მკითხოთ, რა არის ჩემი კულინარიული მიღწევები და ისე მოკლედ გიპასუხებთ, როგორც არასდროს: ვწვავ კარტოფილს, კვერცხს, ვაცხობ ალადებს და გადასარევად გამომდის ლობიო. ოდესღაც, საქართველოს ვითომდა სასახელოდ, ხაჭაპურიც მოვაცოდვილე ლიტვაში, აი, ნამცხვარი, ყველაზე უბრალოც კი, არასოდეს გამომიცხვია.

ღამის პირველი საათი ხდება და ჩემს სახლში ნამცხვრის სუნი დგას. ხვალ ჩემი მეგობრის წიგნის პრეზენტაციაა. „ინტელექტმა“ ალექსანდრე ლორთქიფანიძის „გამჭვირვალე“ გამოსცა. წიგნი ჯერ არ მინახავს, თუმცა ყველა ლექსი, რომელიც წიგნში შევიდა, ბევრჯერ წამიკითხავს. „გამჭვირვალეს“ თავმოყრას, აწყობას და გამოსვლას დიდხანს ველოდებოდი, თუმცა თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, რომ მისი რედაქტორობის სასიამოვნო პასუხისმგებლობას სანდრო მე დამაკისრებდა.

სანდროს უნდა, წიგნის პრეზენტაციაზე ოთხმოცდაათიანების გარემო შევქმნათ. ამიტომ მეგობრები „სიგუას“ ვაცხობთ. გახსოვთ „სიგუა“? უკვერცხო და უკარაქო ნამცხვარი, რომელმაც ჩვენი ბავშვობა, ასე თუ ისე, გადაარჩინა. ჰოდა, ვდგავართ წინსაფრებაფარებულები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ადამიანი და ვაცხობთ „სიგუას“ მთელი მონდომებით.

ჩემი დიასახლისობა არ გაიშვა, მაგრამ აი, სანდროს ხათრით შეიძლება, მოინდომო ადამიანმა. სანდრო ჩემთვის მეგობარზე მეტია, ერთადერთია და ბევრს უდრის. დეტალურად შემიძლია გავიხსენო და მოვყვე ჩვენი მეგობრობის ისტორია 2006 წლიდან დღემდე, როგორ მომეწონა მისი ლექსები ლიტ.გე-ზე, როცა ვილნიუსში ვსწავლობდი, როგორ გავიცანით ერთმანეთი ინტერნეტით, როგორ დავწერეთ ლექსი ერთად, ისე, რომ ერთმანეთი ნანახიც არ გვყავდა, როგორ შევხვდით რამდენიმე თვის მერე, როგორ გვითენებია ღამეები ლაპარაკში, როგორ გვიჩხუბია პოლიტიკის გამო, რამდენჯერ მისაყვედურია, რომ უყურადღებოა, როგორ მინერვიულია მის თამაშებზე, როგორ მიამაყია მისით და კიდევ ბევრი რამ შემიძლია მოვყვე, ისეთი, რაც მიგახვედრებთ, რატომ შეიძლება, სამზარეულოში სრულიად გამოუსადეგარმა ადამიანმა „სიგუას“ საკუთარი ხელით გამოცხობა მოინდომოს.

ლექსები, რომლებსაც წიგნში წაიკითხავთ, მართლაც ჰაერივით გამჭვირვალეა და თანაც, სულისშემხუთველი, იმავე ჰაერივით, რომელსაც აქვს უნარი, ხანდახან ამოსუნთქვის საშუალება არ მოგცეს, იყოს ასეთი მსუბუქი:

 

„იმ ღრუბლებს, რომლებსაც სუნი აქვს წარსულის,

ქარავანივით მიერეკება ქარი.

მე მახსოვს ტუჩები ოქროსფერ ასულის,

მისი ღიმილი, მისი სიტყვები, მთვარე.

იმ სიტყვებს, რომლებსაც სიკვდილის ფერი აქვს

ჩანჩქერებივით ისრუტავს ფსკერი.

მე ვიწყებ ფორიაქს,

და ვმღერი“.

 

და ასეთი მძიმეც:

 

„ჩვენს მომიტინგე ბაბუებს არ უსწავლებიათ ჩვენთვის სიჩუმე.

გავჩუმდებოდით ახლაც და მერეც და სულ, გავჩუმდებოდით..

ჩვენს კოლმეურნე ბებიებს არ უსწავლებიათ ჩვენთვის შრომა.

იცოდნენ, არ ვიშრომებდით მაინც.

ჩვენ გვასწავლიდნენ,

რომ ოდესმე დადგებოდა დრო,

როცა დიდი კაცები გავხდებოდით, კაბინეტებით, ჯიბეში ფულით,

ვივლიდით შავი ოცდაოთხებით და გვექნებოდა დიდი სახლი, აუზით.

ყვირილი გვასწავლეს ჩვენმა მომიტინგე ბაბუებმა,

სუფრაზე ამოყვირება, თეფშების მსხვრევა, მუშტები.

დავდიოდით ქუჩა-ქუჩა, მტაცებლებივით,

ჯერ ჯოხებს ვთლიდით, მერე დანებს ვლესავდით, მერე კი მეტიც..“

 

ჩემთვის სანდროს პოეზია ასეთია. ჩემთვის სანდროც ასეთია და მასთან მეგობრობაც.

გამოცხობის არ იყოს, დიდად არც სხვის ლექსებზე წერა გამომდის, ლექსების კითხვა და ნამცხვრების ჭამა მირჩევნია. უბრალოდ, მგონია, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ სანდროს წიგნი, რომელიც ჩემთვის ცასა და დედამიწას შორის მოგზაურობას, სხეულისა და მიწიერი შეგრძნებების დაკარგვას ჰგავს, წიგნი, რომელიც თქვენსავე დაკარგულ სიზმრებს გაგახსენებთ, თქვენგან წასულ მეგობრებთან დაგაბრუნებთ და აუცილებლად მოგენდომებთ, თქვენც შეგეძლოთ წერა. „გამჭვირვალეს“ ბექა ბერიკაშვილის არაჩვეულებრივი გარეკანი აქვს და ალბათ ჩემი წინასიტყვაობაც ექნებოდა, მე რომ უკეთესი რედაქტორი ვყოფილიყავი, მაგრამ რადგან წინასიტყვაობა არ არსებობს, ვზივარ სახლში, ვწერ მორიგ ბლოგს და ვიტოვებ იმედს, რომ უკეთესი ნათლია ვიქნები მისი შვილისთვის. მართლაც, რა შეიძლება განდოს მეგობარმა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შვილი და წიგნია? ალბათ, ვერც ვერაფერი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 7 ნოემბერს, 8 საათზე, მწერალთა სახლში გელოდებით სანდრო ლორთქიფანიძის „გამჭვირვალეს“ პრეზენტაციაზე, მე კი წავალ, ჩემს „სიგუას“ დავხედავ, იქნებ რაიმე გამოვიდეს.Image

3 thoughts on “სანდრო, „სიგუა“ და ოთხმოცდაათიანების მომწარო სურნელი

  1. “შეიწვა” სიგუა? :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s