სალომეა

გადარჩენილი

4 Comments

_ როგორი ბიჭია? _ მკითხა ანიმ და ეშმაკურად შემომხედა.

_ რა ვიცი, კარგი _ გამეცინა მე.

 

_ ირაკლი ჩამოვიდა პოლონეთიდან _ მითხრა დედაჩემმა.

_ ისევ დაადეპორტეს?

_ არა, თავისით ჩამოვიდა. ბავშვი შეეძინა ორი კვირის წინ. იქაური გოგო მოუყვანია ცოლად. ისე, შეუარე, ნახე. მთელი ბავშვობა ერთად თამაშობდით.

მე წავუყრუე.

_ უჯიშო ხარ _ თავი გადააქნია დედამ და ჩაის მოურია.

ეზოში, სადაც გავიზარდე, იშვიათად მივდივარ. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს. ალბათ უფრო მეზარება. ჰო, საშინლად მეზარება მეზობლების მოკითხვა, სავალდებულო „კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით“ და ყელში ამოსული „როდის თხოვდები“. არც ბავშვობაში ვიკლავდი თავს ეზოში თამაშით, ძალით თუ გამაგდებდნენ ჰაერის ჩასაყლაპად. ერთადერთი, ვინც მართლა მიყვარდა, ირაკლი იყო.

ჩემი ბავშვობის მეგობარი, სიმპათიური, მაღალი და მუდამ მომღიმარი ირაკლი, ჩვენს უბანში ყველას გოგოს მოსწონდა, ირაკლის კი მე ვუყვარდი, კორპუსის ბოლო სართულზე საკუთარი ნებით გამოკეტილი, მეფის ასულობისგან ძალიან შორს მყოფი გოგო, რომელსაც, როგორც წესი, „წრეში ბურთის“ თამაშისას, პირველივე ბურთი ხვდებოდა. იშვიათად, როცა ეზოში ჩავდიოდი, თავის გადარჩენაში ირაკლი მეხმარებოდა. დამოუკიდებლად ვერც დამალვას ვახერხებდი და არც „წითელი-ყვითელი-შავის“ თამაშისას ვირჩევდი წითელს. ერთადერთი, ირაკლის ვკოცნიდი, ვხვდებოდი, როდის ჩერდებოდა მასზე თამაშის „დედის“ თითი, ზუსტად არ მახსოვს, როგორ, მაგრამ ვხვდებოდი. ვკოცნიდი ფრთხილად, ისე, რომ ჩემი ტუჩები ძლივს ეხებოდა მის კანს და თან თვალებს ვხუჭავდი, რომ არ დამენახა, როგორ გვიყურებდა მთელი ეზო.

_ არა, აი, რა მოხდება, რომ ახვიდე და ბავშვი ნახო _ თავიდან დაიწყო დედაჩემმა _ შენისთანა უყურადღებო…

არ დავამთავრებინე. ავდექი, კარი გამოვიჯახუნე და კიბეზე დავეშვი.

ერთხელ ირაკლი სადარბაზოში შემხვდა. დაჭერობანას უკვე აღარ ვთამაშობდით იმ დროს, ალბათ თოთხმეტი წლისები ვიყავით. უხერხული შეხვედრა გამოგვივიდა. ჩემს სადარბაზოში ყოველთვის ბნელოდა, 90-იანების დასაწყისში მეზობლებმა ყველაფერი ამოაშენეს, სადაც აგური ჩაეტია. რაღაცას წამოვედე და ირაკლის ჩავეხუტე. ჯერ ორივეს გაგვეცინა, მერე კი ვიგრძენი, როგორ წამოვიდა მისი ტუჩები ჩემი ტუჩებისკენ და სასწრაფოდ დავუძვერი ხელიდან. არადა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ჩემი პირველი კოცნა, წესითა და რიგით, სწორედ მას ეკუთვნოდა და არა ვინმე სხვას.

_ ვითომ ასეთი რა გითხარი! _ მოისმა ბოლო სართულიდან დედაჩემის ხმა. ყურადღება არ მივაქციე და ეზოში გავვარდი.

ირაკლი ბოლოს შვიდი წლის წინ ვნახე, კორპუსის წინ, ქუჩაში იდგა, იდგა და მეტი არაფერი. იმ დღეს მივხვდი, რომ რასაც მასზე ამბობდნენ, სიმართლე იყო. იკეთებდა. მერე ირაკლი წავიდა, არც მიკითხავს, სად. თურმე, პოლონეთში. მე კი ბევრი ვისწავლე, ბევრი თავსატეხი გავიჩინე, კარიერა ავიწყვე და ბოლო ორი წლის მანძილზე, უტიფრად მოვიმატე მთელი ათი კილო. საკუთარი თავი საშინლად აღარ მომწონდა და ამიტომაც გადავჭერი ეზო ელვის სისწრაფით, სანამ მანქანამდე მივაღწევდი. არ მინდოდა, ირაკლი მენახა. „რატომ უნდა შემხვდეს მაინცდამაინც დღეს? აი, იმ კვირაში დიეტოლოგთან მივალ, ერთ თვეში გავხდები, ისევ გამოვივლი და მერე რომ ვნახო? თან არც მაცვია წესიერად, ვერ ვიტან ამ შარვალს, მაინცდამაინც ამ შარვლით თუ არ შევეჩეხები, კარგი იქნება… ეს მისი პოლონელი ცოლი როგორია ნეტავ? კარგი გოგოა ალბათ, რატომ უნდა იყოს ცუდი…“ _ მანქანა დავქოქე, სათვალე გავიკეთე და ქუჩაში ისე გავედი, გვერდზე არც გამიხედავს.

 

_ მაგრად გაკლია, რა _ ხმამაღლა გაიცინა ნინუცამ _ სამჯერ დაადეპორტეს ტიპი, წლებია, იკეთებს, ალბათ ახლა უკვე სიმპათიურიც აღარ იქნება, არაფერი მაგისგან არ გამოვიდა და კიდევ შენ გამოიქეცი? არა, გამაგებინე ერთი, რისი შეგეშინდა?

ვერაფერიც ვერ გავაგებინე. ამოვიოხრე და შუბლი მოვისრისე.

_ შეიძლება, ზედმეტი ხუთი კილოს გამო გოგომ ასე შეიძულოს თავი? შენისთანა გოგომ!

_ ხუთი არა, ათი _ ძლივს ამოვიღე ხმა.

_ თუნდაც ათი იყოს, მერე? _ გაბრაზებით შემომხედა ნინუცამ, ცოტა ხნით გაჩუმდა და დაფიქრდა _ არა, ისე, კიდევ კარგი, მაგას არ გაყევი, რა იქნებოდა ნარკომანის ცოლობა, წარმოგიდგენია?

მე თავი დავუქნიე.

_ გადარჩენილი ხარ! _ საქმიანად დაასკვნა მან, წითელლაქწასმული ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა და დააყოლა _ ისე, ცოტა გახდომა მართლა არ გაწყენდა.

 

 

 

 

კასეტები ავიღე და გულში ჩავიხუტე.

_ ახლო აღმოსავლეთი ხომ მიგაქვს? _ მომაძახა პროდუსერმა.

_ კი, კი _ თავი კარგად ვერ დავუქნიე, ერთმანეთზე შეწყობილ კასეტებს ნიკაპით ვამაგრებდი.

დერეფანში გამოსული ჩვენს მძღოლს, მსუქან, ხუმარა კოსტასს შევეჩეხე.

_ დიდი ბოდიში, შეგიძლიათ, კასეტების წარწერებს შეხედოთ? ვამოწმებ, ახლო აღმოსავლეთის კასეტა ხომ წამოვიღე.

_ ეჰ, რა გაგიხდა ბერძნულის სწავლა _ თავი გადააქნია კოსტასმა _ კი, წამოგიღია.

_ მადლობა _ გავუღიმე.

_ სანამ ბერძენი ბიჭი არ გეყოლება, ვერაფერსაც ვერ ისწავლი. დამიჯერე, ბერძენი შეყვარებული უნდა გაიჩინო და აქ დარჩე. კარგი გოგო ხარ, შენი გაშვება არ შეიძლება, ირინი.

_ ირინა მქვია მე, ი-რი-ნა! _ ვიცოდი, აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გავაპროტესტე.

_ ბერძნული სახელია და ასე გამოითქმის _ თვალები დამიბრიალა კოსტასმა _ ბერძენი ბიჭი-მეთქი!

შევბრუნდი და სამონტაჟოსკენ წავედი.

კოსტასი ტყუილად არ მსაყვედურობდა. ბერძნულის სწავლით თავს არ ვიკლავდი, ისედაც გავდიოდი ფონს, პრობლემები სამონტაჟოს ზღურბლზე იწყებოდა, სამი მემონტაჟიდან ინგლისური არცერთმა არ იცოდა, მაგრამ როგორღაც მაინც ვახერხებდით კონტაქტს.

იმ დღეს სამონტაჟოში სრულიად უცხო ბიჭი დამხვდა.

_ უცხოეთის ახალი ამბების ასისტენტი ვარ _ ვუთხარი მორიდებით _ დღევანდელი მასალის დაარქივება მინდა. თქვენ…

მან დიდი, მწვანე თვალებით შემომხედა.

_ მე დაგიარქივებთ. დატოვეთ კასეტები და წადით.

ასე გავიცანი ტელევიზიაში თავისი ცუდი ხასიათით ცნობილი მთავარი რეჟისორი იანისი.

იანისი ძველ უბანში, ციხე-სიმაგრის ნანგრევებთან ახლოს ცხოვრობდა, ოთხსართულიანი სახლის ბოლო სართულზე. მისი ფანჯრებიდან ზღვა ჩანდა და მე მის სახლში დაძინებაც მიყვარდა და გაღვიძებაც. კიდევ უფრო მეტად მიყვარდა ფორთოხლების სუნი, აპრილიდან რომ ავსებდა ქალაქის თავზე გამოკიდებულ პატარა ქუჩას. ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან ზღვაზე, ფორთოხლებზე და ფართო ფანჯრებზე მეტად იანისი მიყვარდა, მზისსუნიანი კანით და დიდი, მწვანე თვალებით. მიყვარდა თავის ქალაქთან, თავის ზაფხულთან ერთად და ყოველთვის, როცა მეხებოდა, მე ვხუჭავდი თვალებს და ვგრძნობდი, როგორ მივსებდა ძარღვებს სამხრეთის აუტანლად ცხელი ჰაერი.

დარჩენაზე არც მიფიქრია. არც მას უფიქრია, უკან გამომკიდებოდა. ბერძნული მაინც ვერ ვისწავლე.

 

_ ათენსა და თესალონიკში ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა, ისინი ხელფასების მომატებასა და საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვენ. მებაჟეების, აეროპორტისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ერთი კვირაა, გრძელდება. ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებმა უკვე გამოყვეს თანხები საბერძნეთის დასახმარებლად _ სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.

ქეთამ ტელევიზორს ჩაუწია და შეშფოთებულმა შემომხედა:

_ აზრზე ხარ, რა ხდება? ისე, კიდევ კარგი, არ გაყევი იმ შენს… რა ერქვა? ხო, იანისი. კიდევ კარგი, არ გაყევი იმ შენს იანისს, თორემ წარმოგიდგენია, რა დღეში იქნებოდი? სხვაგან ცხოვრობდე და იქაც კრიზისი იყოს… გადარჩენილი ხარ, რა!

_ ჰო, აბა! _ გამეცინა მე და ფორთოხალს კანი გავაცალე.

 

დილით მოთოვა.

მე და ლაშა თოვლში ვწევართ და ცას ვუყურებთ.

_ კარგია აქ _ ვამბობ მე და უმისამართოდ ვიღიმები.

_ კარგია _ მეთანხმება ლაშა და საათს ისწორებს _ თხუთმეტ წუთში უნდა წავიდეთ, დაგვაგვიანდება. ორზე შეხვედრა მაქვს.

_ რა შეხვედრაა ასეთი?

_ ირინა, ხომ იცი, ყველა შეხვედრა ასეთია, უმნიშვნელო შეხვედრები არ არსებობს.

_ ოღონდ ახლა არ მეჩხუბო, რა. მომბეზრდა ამდენი ჩხუბი.

ისევ ცას ვუყურებთ. უკვე მეჩვენება, რომ უბრალოდ, ერთმანეთისკენ გახედვა არ გვინდა და ამიტომაც ამოვიჩემეთ ცა.

_ ირინა…

_ ჰო.

_ როგორი ქორწილი გინდა?

_ მე? საერთოდ არ მინდა ქორწილი, ვერ ვიტან ქორწილებს.

_ რა სისულელეა, ქორწილი აუცილებელია, დიდი ქორწილი, ყველა მეგობრით, ნათესავით, მეზობლით.

ჩუმად ვარ.

_ შენ რა, მართლა არ გინდა ქორწილი?

_ მართლა არ მინდა.

_ და შვილებს რას ეტყვი?

_ რა უნდა ვუთხრა?

_ თუ არც შვილები გინდა?

_ საიდან მოიტანე!

_ თუ ერთი შვილი გინდა, შენ თვითონ როგორც ხარ?

_ ჰა?

_ მოკლედ, რა!

ლაშა დგება და მანქანისკენ მიდის. მეც ვდგები და უკან მივყვები. ლაშა მანქანას ათვალიერებს.

_ შენ მაგ მანქანის ძრავის უკეთესად გესმის, ვიდრე ჩემი _ ვამბობ მე.

ლაშა მიყურებს.

_ იცი რა? შენ ერთი ძალიან დიდი ნაკლი გაქვს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.

გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.

_ ძალიან ბევრს კითხულობ, ირინა, ძალიან ბევრს და მგონი, უკვე გაგიჟდი.

ლაშამ ორ კვირაში დედამისის ექთანი მოიყვანა ცოლად, როგორც მაშინვე აღვნიშნე, გოგო, რომელიც ცარიელ ადგილს ჰგავდა.

რაც მთავარია, დიდი ქორწილი გადაიხადეს.

 

მაკამ უთო გამორთო და აივნის კარი გამოაღო.

_ კარგი იყო მარიამის ქორწილი? გაერთეთ? ლაშა და სოფო იყვნენ?

_ იმ გოგოს სახელი საიდან გახსოვს, გეხვეწები _ გამიკვირდა მე.

_ ხომ იცი, რა მეხსიერება მაქვს.

_ კი, მშვენივრად გავერთეთ. ლაშა და სოფოც იყვნენ და ლაშასთან რომ დადიოდა, ნუკი, მაღალი და ქერად შეღებილი, გახსოვს? ეგეც ბრძანდებოდა. სამივე ერთად ცეკვავდა, ასეთი არაფერი მინახავს. ცოლი, ქმარი და ქმრის ყოფილი საყვარელი. ლაშა ბედნიერად იდგა შუაში და ამათ აქეთ-იქით აბზრიალებდა. არა, მითხარი, ნომრალურია ეს?

მაკა ადგა და ფარდა გაასწორა, მე გავაგრძელე:

_ ისე, მაგას რომ გავყოლოდი, ალბათ თავს მოვიკლავდი. მაგრად ვარ გადარჩენილი.

მაკა ფარდის სწორებას შეეშვა და ჩემკენ შემობრუნდა.

_ შენ მე გამაგიჟებ, ირინა, მართლა გამაგიჟებ! გეთანხმები, გადარჩენილი ხარ, ამჯერადაც, მაგრამ უკვე მერამდენედ ხარ გადარჩენილი, ვეღარ ვითვლი. გადარჩები, ცოტა დრო გავა, მერე ვინმე უარესს იპოვი, რომ კიდევ ერთხელ გადარჩე. ამდენჯერ გადარჩენაც არ შეიძლება, რა.

რა უნდა მეთქვა? ავდექი და ფარდა მე თვითონ გავასწორე.

 

იცი რა, მგონი, არაფერი აქვს განსაკუთრებული. არც ვიცი, რა უნდა მოგიყვე. ვერც ვხვდები, რა მაკავშირებს მასთან. ისეთი ბიჭია, ვის გვერდითაც ჩრდილსა და სიჩუმეში ვერასოდეს იცხოვრებ, რომელთან ერთადაც ფეხით უნდა იარო ფლორენციის მზეში და ნიდას ქვიშაზე. ჰო, ვიცი, იმდენი ოქროსფერი სანაპიროა დედამიწის ზურგზე, რაღა ნიდას ქვიშა გამახსენდა. ხომ გეუბნებოდი დღეს, როგორ მიყვარს იქაურობა, ადამიანებზე უფრო მეტად, ამიტომ ზუსტად ნიდას ქვიშაზე მინდა მასთან ერთად სიარული და კიდევ ზღვისპირა გზებზე, გადახდილი მანქანით, როგორც ფილმებშია, ჭრელი შარფი რომ მეხუროს, წითელჩარჩოიანი სათვალე მეკეთოს და ბედნიერ მუსიკას ვუსმენდე, ისეთ ბედნიერს, როგორიც ჩემი თვალებია მისი დანახვისას. მართლა ასეა, მგონი, თვალების ფორმაც კი მეცვლება ბედნიერებისგან, როცა ვუყურებ.

კიდევ… კიდევ იცი, როგორია? ისეთი ბიჭია, ვისთან ერთადაც შეგიძლია, რკინისფეხებიან აბაზანაში იწვე და წყალს უსმენდე, გრძნობდე, როგორ მოგზაურობენ წვეთები შენს სხეულზე, მსოფლიოს ყველა ოკეანე ხმაურობდეს შენს ყურებში და იყო ყრუ და იყო ბრმა გარესამყაროსთვის, თითქოს დედამიწა შენ თვითონ შექმენი,  თითქოს არასოდეს გინახავს ფორთოხლების ხეივანი, არც ჭადრები ბავშვობის ქუჩაზე და არც დათოვლილი გზა მიუვალ სოფელში, თითქოს არაფერი ყოფილა აქამდე, თითქოს აქამდე არავინ ყოფილა. იწვე აბაზანაში და ფიქრობდე, რომ არასოდეს წავა და გჯეროდეს, რომ არც კი დაგსიზმრებია შენგან წასულების ნაფეხურები.

და მაისის შუადღისას წაიყვანო შენს საყვარელ პატარა ქუჩებში, ცეცხლის ტაძართან და უთხრა, რომ ხანდახან, როცა მარტო დარჩენილხარ, აქაც გილოცია და მან გაიგოს და არაფერი თქვას, სახლში დაბრუნებამდე კი აჩვენო შენი საყვარელი სადარბაზო, ძველი, ფერადვიტრაჟებიანი სადარბაზო და ისე, რომ არაფერი აუხსნა, დააყენო სახით სინათლისკენ და უყურო, როგორც ეხატება სახეზე მოზაიკა და მზის სხივების მიმართულებით კანზე თითები ააყოლო და აკოცო იმდენჯერ, რამდენ ადამიანსაც აუვლია ეს დაღლილობისგან მორყეული კიბე.

მე მგონია, რომ ის ასეთი ბიჭია.

 

_ რას ნიშნავს „კარგი“? _ არ მომეშვა ანი.

გამეღიმა.

_ იცი რა… როცა იცინის, თვალები უწვრილდება _ ვთქვი და ცხელი შოკოლადის ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. 

4 thoughts on “გადარჩენილი

  1. მოთხრობაა ეს, იდეაში და მთლად დოკუმენტურ მასალადაც ნუ მიიღებთ :))))) პატივისცემით, ავტორი :)))))

  2. სალომე,რა კარგი გოგო ხარ შეენ❤ ძალიან მომეწონე!

  3. ბოლოს……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s