სალომეა

ჩემი ომების ქრონიკა

%(count)s კომენტარი

სახლიდან რომ გავედით, თითქოს არაფერი ხდებოდა. სალომემ მოგვწერა, მგონი, ცხინვალში ომი იწყებაო და ჩვენ გაგვეცინა. მაშინ თესალონიკში ვცხოვრობდი, მაკა ორი კვირით მყავდა სტუმრად და აეროპორტში ვაცილებდი, როცა სალომეს მესიჯი დაგვეწია. მაშინ ალბათ ძნელად წარმოგვედგინა, რომ ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც ბავშვობა მგლოვიარე, დაცხრილულ ქვეყანაში გავატარეთ, კიდევ ერთხელ ვნახავდით ომს.

მაკა თბილისში გაფრინდა, მე სახლში დავბრუნდი, ლეპტოპი ჩავრთე და აღმოვაჩინე, რომ მართლაც დაიწყო, დაიწყო ჩვენი რამდენიმედღიანი კოშმარი, რომლის დასავიწყებლად ხუთი წელი კი არა, ხუთი საუკუნეც არ გვეყოფა და მე თუ მკითხავთ, არც უნდა გვეყოს.

მიჭირს, იმ დღეების გახსენებისას თანმიმდევრული ვიყო. ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვხედავ კადრებს. მახსოვს ნინას მესიჯი: „ხვალ ალბათ რუსული პასპორტებით გაივღვიძებთ, თუ გავიღვიძეთ“, მახსოვს, როგორ ვდარდობდი თამთაზე, რომლის ქმარიც ომში წაიყვანეს და თამთა, თვეების ბავშვით, მარტო დარჩა უსუსერ და არეულ თბილისში, მახსოვს, რამდენს ვფიქრობდი ბელაზე, რომელსაც ოსი დედა ჰყავს, მახსოვს, როგორ უნდოდა თათიას გორში წასვლა დაჭრილების დასახმარებლად, კიდევ თესალონიკში, რუსეთის საკონსულოსთან გამართული აქციები მახსოვს და ჩემი თავი, როცა გორის დაბომბვის კადრები ვნახე.

მახსოვს ჩემი მეგობარი ნანა, რომელსაც ფორუმზე ვიღაცამ უთხრა, რომ მიწისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ეს მიწაა და სხვა არაფერი და ნანამ უპასუხა: „თუკი ეს მხოლოდ მიწაა, მაშინ ჩვენც მხოლოდ ხორცი ვართ.“

ლეპტოპით ხელში გათენებული ღამეები მახსოვს, როგორ ვცდილობდით საქართველოში დარეკვას, რამდენს ველაპარაკებოდით სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს, ინფორმაციას ვცვლიდით, ვნერვიულობდით.

თესალონიკში გამართულ აქციებზე გადაღებულ კადრებს სკაიპით ვუგზავნიდი „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს, რუსკას, რომელსაც არც მანამდე ვიცნობდი და არც მას შემდეგ გამიცვნია, ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება და ვინ არის საერთოდ. უბრალოდ, კადრები სჭირდებოდათ და მეგობარმა ჟურნალისტებმა მას დამაკავშირეს. ის თავის შვილზე მელაპარაკებოდა, რომელიც დასასვენებლად გაუშვა დედასთან ერთად და ჩაკეტილი გზების გამო, ვერ მიდიოდა მასთან. სრულიად უცნობ გოგოს მთელი ღამე მიყვებოდა ბავშვზე და მეც ისე ვუსმენდი, როგორც დიდი ხნის მეგობრებს უსმენენ.

მახსოვს, რომ თითქმის ვერ ვჭამდი და ტასო მთელი ძალით ცდილობდა, ტოსტები და კარტოფილი მაინც შემოეპარებინა ჩემთვის.

მერე გოგოები რაღაცებს მიყვებოდნენ თბილისიდან, მაკა სარდაფში დამალვაზე ყვებოდა, სხვა ამბებიც მიტივტივებს მეხსიერების ფსკერზე, მაგრამ ხუთი წლის შემდეგაც კი მათი ამოლაგება და გადახედვა სიკვდილივით მიჭირს.

მაშინ გვეგონა, გადავრჩით.

ახლა მგონია, რომ არაფერიც არ დამთავრებულა.

ჩვენი ქვეყანა გავს ტყვეს, რომელსაც ყველა ჯიბეში თითო ყუმბარა უდევს, ჩვენ კი, აი, ჩვენ თვითონ, საოცარი გულგრილობით გამოვირჩევით, როცა საქმე ყველაზე მთავარს ეხება. ქვიშა არ გვაქვს და ამომტვრეულ ასფალტში ვყოფთ თავებს, რომ არაფერი გავიგოთ და დავინახოთ. ჩვეულებრივად დავდივართ რესტორნებში, კინოში, კონცერტებზე. საკუთარი ჭირი სხვისი გვგონია და არაფრად გვეჩვენება. არ ვიცით, რას ვუნახავთ შვილებს, იქნებ იმ საბნებს, რომლებსაც თბილად ვიხურავთ ღამით და გვგონია, რომ არასოდეს წაგვართმევენ, იქნებ იმ განსხვავებულ სასმისებს, რომლებიც ასე ამაყად გვიჭირავს ხელში, როცა სუფრასთან ვსხედვართ, იქნებ საბანკო ანგარიშებს, რომელიც სინამდვილეში არაფერს, სრულიად არაფერს ნიშნავს. სხვებს არ ვადანაშაულებ, მეც ასეთი ვარ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და ჩვენ, ყველანი ასეთები ვართ.

არ ვიცი, როდემდე უნდა გვქონდეს უსუსურების მომაკვდინებელი შეგრძნება. არც ის ვიცი, გამოსავალი სადაა, უბრალოდ, ზოგჯერ, როცა სამშობლოს მიწას სანტიმეტრებითა და მეტრებით ზომავენ და ამბობენ, რომ ცოტაა და არაუშავს, მე ის პატარა მიწა მახსენდება, რომელშიც ათასობით კილომეტრს გავცვლიდი, მიწა, რომელიც ენგურს გადაღმა დამრჩა, მიწა, რომელიც მამაჩემია.

One thought on “ჩემი ომების ქრონიკა

  1. Pingback: ჩემი ომების ქრონიკა - kvira.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s