სალომეა

მესამე შემოდგომის წერილი შენთვის

8 Comments

გუშინ მეგონა, ვკვდებოდი.

სათქმელად ხომ ადვილია? სასაცილოდაც კი ჟღერს.

არადა, მე მართლა მეგონა, ვკვდებოდი.

თუმცა ჩემი სიკვდილის ამბავი ალბათ უფრო შორიდან იწყება, შარშანწინდელი შემოდგომიდან _ ჩვენი გაცნობიდან, უფრო სწორად, იმ დღიდან, როცა მე პირველად დაგინახე და ვაღიარე, რომ თავისუფლად შეიძლება, ადამიანი, რომელსაც ძალიან ჭკვიანი ჰგონია საკუთარი თავი, მომენტალურად იქცეს იდიოტად.

ძალიან ადრე, სულ პატარა რომ ვიყავი და ეზოში თამაშისას გოგოები შესაძლო მომავალზე რომ ლაპარაკობდნენ, ყველა ოცნებობდა ოჯახზე, შვილებზე, საქორწილო კაბაზე. აი, მე… მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია, წარმატებული ვიყო და დანარჩენს არაუშავს, რომ არაფერში მჭირდება ვიღაც ბიჭი გვერდით და შვილების გასაზრდელად ალბათ არასოდეს ვიქნები მზად. მაშინ ყველაფერს წიგნები მერჩივნა, ვიჯექი ჩემთვის, გარესამყაროს არ ვიმჩნევდი და ვკითხულობდი.

რა თქმა უნდა, არ ღირს წინასწარ მსჯელობა საკუთარ მომავალზე. მიზეზი მარტივია: შეიძლება, ერთ დღეს გაიღვიძო და მიხვდე, რომ დიახაც, ბევრ რამეს მიაღწიე, დიპლომებზე რომ არაფერი ვთქვა, მართვის მოწმობის აღებაც კი მოახერხე, მაგრამ ყველაფერი სისულელედ გეჩვენება, იმიტომ, რომ დაკარგე ის, ვინც თურმე, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამყაროს ყველა წარმატება ერთად აღებული.

შეიძლება, უყურებდე ჯილდოს, რომელიც ასე ძალიან გინდოდა და ფიქრობდე, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი დაგიკრავს ტაშს, თუკი სულერთი იქნები მისთვის, ვინც შენ თვითონ მთელ დედამიწას გირჩევნია.

შეიძლება, დადიოდე მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების ქუჩებში და ირგვლივ მხოლოდ სიცარიელეს ხედავდე, რადგან ის ადამიანი, ვის ზარსაც ყველაზე მეტად ელი, არავითარ შემთხვევაში არ დაგირეკავს და გკითხავს, სადა ხარ და როგორ.

შეიძლება, გამოაღო ტანსაცმლით სავსე კარადა და უცებ ყველა კაბის დაჭრის სურვილი გაგიჩნდეს, რადგან მისი თვალები მაინც სხვა მიმართულებით იყურება, რადგან მისთვის შენი კარგი გემოვნებაც, შენი კარგი გოგოობაც, შენი იშვიათი თმის ფერიც არაფერს წარმოადგენს.

და კიდევ ბევრი რამ შეიძლება. გამორიცხული არაფერია.

ალბათ ვიღაცას გაუკვირდება, ან ჩემი სიკვდილი რა შუაშია, ან რატომ გადავწყვიტე ამ ამბების მოყოლა ახლა.

კარგად მახსოვს შარშანდელი ზამთარი _ საშინლად გავცივდი, მაღალი სიცხე მქონდა და ზღვარი სიზმრებსა და რეალობას შორის თითქმის წამეშალა. კარგად მახსოვს, რომ მაშინ იმ გაუგებარ განზომილებაში ჩემთან ერთად შენც ცხოვრობდი, ცხოვრობდი ჩემს თვალებში, ჩემს მოჩვენებებში, ჩემს სიცხიან კანში…

გუშინ, ძალიან ცუდად რომ გავხდი და მეგონა, ვკვდებოდი, საერთოდ, საერთოდ არ გამხსენებიხარ, არც ერთი წამით და დღეს საშინლად მომინდა, ეს ამბავი გცოდნოდა.

იმყოფინე ორი შემოდგომა, ორი ზამთარი, ორი გაზაფხული და ორი ზაფხული, რომელიც ჩემს ფიქრებსა და ნაწერებში გაატარე.

მადლობა, რომ შეცვალე ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი.

მე აუცილებლად ვიქნები ბედნიერი და აღარასოდეს ვიტყვი, რომ მთავარია წარმატება და დანარჩენი ჭირსაც წაუღია.

ნახვამდის.

 

8 thoughts on “მესამე შემოდგომის წერილი შენთვის

  1. სალომე🙂

    ჩემი სალომე :*

  2. დაახლოებით ასეთი, მაგრამ გაცილებით გრძელი წერილი დამაწერინა ფსიქოლოგმა არცთუ დიდი ხნის წინ – აი, შენ შენით მიხვდი. ახლა შეგიძლია ეს წერილი დახიო და მშვიდად გააგრძელო ცხოვრება. და კიდევ ერთი – ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ზოგადად წარმატება და ჯილდოები ფეხებზე გკიდია – მერე კი არა, როცა მიიღებ, მანამდეც:) უფრო ადვილია დამეტი თავისუფლებაა.

  3. აუ😦
    რაღაცამ გამკრა გულთან🙂

  4. შეიძლება, გამოაღო ტანსაცმლით სავსე კარადა და უცებ ყველა კაბის დაჭრის სურვილი გაგიჩნდეს, რადგან მისი თვალები მაინც სხვა მიმართულებით იყურება, რადგან მისთვის შენი კარგი გემოვნებაც, შენი კარგი გოგოობაც, შენი იშვიათი თმის ფერიც არაფერს წარმოადგენს. zustad! 100%

  5. კაბებზე გამახსენდა
    წინა წელს ერთი პალტო ვიყიდე- თეთრი საოცრად ლამაზი პალტო. მხოლოდ ერთხელ მეცვა- ნათლობაზე. მთელი წელი ეკიდა ჩემს კარადაში,შეფუთული გამჭვირვალე პარკში- მასთან შეხვედრისას რომ ჩამეცვა
    ასე გავიდა ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და წელს როცა ისევ მოვიდა ზამთარი- ჩავიცვი ძალიან ჩვეულებრივ დღეებში, სამსახურიდან სახლში რომ ბრუნდები და ვერავინ ნახავს. დაე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s