სალომეა

ფლორიანი

4 Comments

ეპიზოდი 1: აივანი

_ რა გქვია?

საერთო საცხოვრებლის აივანზე ვდგავართ. ის მოაჯირსაა მიყრდნობილი, ყვითელი კედები აცვია და უზარმაზარი, ლურჯი თვალებით მიყურებს. მე უკვე ვიცი, რომ გერმანელია. მან ჩემზე არაფერი იცის.

_ სალომე.

_ ებრაელი ხარ?

„ნაცისტია!“ _ ვფიქრობ გულში და რაღაც საშინელების სათქმელად ვემზადები.

_ სალომე ხომ ებრაული სახელია _ აგრძელებს და იცინის _ მიყვარს ებრაელები.

_ არა, ქართველი ვარ _ მეც მეცინება.

_ არ ვიცოდი, საქართველოშიც თუ არქმევდნენ სალომეს _ მხრებს იჩეჩავს _ პრინციპში, მე სულ სამი ქართველი ვიცი: კობიაშვილი, იაშვილი და შევარდნაძე. ჰო, სტალინი ვიცი კიდევ. დალევ?

ჩვენი დიდი მეგობრობა ასე დაიწყო.

ეპიზოდი 2: უნივერსიტეტი

როგორც აღმოჩნდა, ფლორიანი ვილნიუსში ჩემზე ორი დღით ადრე ჩავიდა და უნივერსიტეტის გზაც ჩემზე ადრე ისწავლა. 1 სექტემბერს რექტორი დილის 9 საათზე გვხვდებოდა უცხოელ სტუდენტებს და ბევრი რომ არ მებოდიალა, ფლორიანი დამპირდა, რომ გიდობას გამიწევდა. 8 საათზე დორმის ფოიეში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს.

თითქმის არ მიძინია. მეშინოდა, რომ დილით დროულად ვერ გავიღვიძებდი, პუნქტუალურ გერმანელთან შეხვედრაზე დამაგვიანდებოდა და სამშობლოს თავს მოვჭრიდი ევროპის მასშტაბით.

რა თქმა უნდა, 8-ზე ფოიეში დავერჭე. გავიდა 5 წუთი, 10, 15, ბოლოს თავხედობა ვიმყოფინე და გადავწყვიტე, კარზე დამეკაკუნებინა. გაირკვა, რომ მე კი არა, მან ვერ გაიღვიძა დროზე, შესაბამისად, რექტორთან შეხვედრაზე კი არ დავაგვანეთ, როგორც ჩემი მეგობარი თეა ამბობს ხოლმე, სხვა დროს მივედით.

_ სულ ესაა გერმანული პუნქტუალობა? _ ვკითხე ნიშნისმოგებით.

მან, რა თქმა უნდა, გაიცინა, ნელა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად, როგორც იცის.

_ მე გერმანელი არა ვარ, ბავარიელი ვარ.

ეპიზოდი 3: შემოდგომა-ზამთარი

ლიტვაში ადრე ღამდება და გვიან თენდება. ხშირად წვიმს და საშინლად ცივა.

ჩვენ ერთად დავდივართ ლექციებზე.

ერთად დავდივართ კინოში და მე მას სიამაყით ვუჩვენებ ოთარ იოსელიანის სახელსა და გვარს აფიშაზე.

ერთად დავდივართ საჭმელად.

ერთად დავდივართ გასართობად.

საღამოობით მე ალადებს ვაცხობ და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად ვმეცადინეობთ ჩემს ოთახში, უფრო სწორად, ჩემს და ანის ოთახში, რომლის ფანჯარაშიც საქართველოს დროშა ფრიალებს.

_ ყოველთვის მინდოდა უმცროსი და, ვიცი, რომ შენ ჩემი და ხარ _ მეუბნება ფლორიანი და მაშინვე იგონებს ისტორიას იუგოსლავიის ომის დროს დაკარგულ და-ძმაზე, რომელთაგანაც ერთი გერმანიაში გააშვილეს, მეორე _ საქართველოში.

მერე მე ზამთრის დეპრესია მეწყება. ის კი ისე ზრუნავს ჩემზე, როგორც ნამდვილი უფროსი ძმები ზრუნავენ.

მოგვიანებით მას ეწყება დეპრესია და ჩვენ საათობით ვსხედვართ ერთად და ათას სისულელეზე ვლაპარაკობთ, სანამ სხვებს ცხოვრება ჩვენზე მეტად უხარიათ.

ეპიზოდი 4: თბილისი

2012 წლის 1 სექტემბერია. „დიოგენეს“ წინ ვდგავარ. ტელეფონის ეკრანს უცხო ნომერი ეწერება. ვპასუხობ. ფლორიანია.

_ გამარჯობა, სალ. ვილნიუსში ვარ, ჩვენი დორმის აივანზე, იქ ვდგავარ, სადაც ზუსტად 6 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი.

ზოგჯერ, როცა ყველაზე ძალიან მინდა, მაშინ არ გამომდის ტირილი. ეს ჩემი უბედურებაა.

ეპიზოდი 5: მე _ 7 წლის შემდეგ

_ ჩართე ვიდეო.

_ ვერ ჩავრთავ, რომ დაგინახო, ვიტირებ.

ამჯერად ალბათ მართლა ვიტირებდი.

ვერასოდეს მოვყვები სათანადოდ, როგორ მიყვარს, როგორ გამზარდა, შემცვალა და გამაბედნიერა მასთან ურთიერთობამ, რა კარგად მახსოვს ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, როგორ მიხარია, რომ ცხოვრებამ შემახვედრა მას, ჩემს იდეალისტ გერმანელ მეგობარს, რომელსაც უპირობოდ უყვარს ჩემი ხასიათი, ჩემი წუწუნი და პრობლემები, ჩემი გაკეთებული საშინელი საჭმელი და საერთოდ, ვინ თქვა, რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობა არ არსებობს! არსებობს, თანაც ისეთი, რომელიც დროზე, მანძილზე და სავიზო რეჟიმზე უფრო ძლიერია.

თქვენ ვერც კი წაარმოიდგენთ, რამხელა გამართლებაა, გყავდეთ ასეთი ადამიანი თუნდაც შორს. ჰოდა, ხშირად, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ფუჭდება, თვალებს ვხუჭავ და მასზე ფიქრს ვწყებ. მერე კი ახლოდან, ძალიან ახლოდან ჩამესმის:

_ Hey, my little sister…

და დედამიწა ახალი ძალით და საქართველოს ევროკავშირში შესვლის იმედით აგრძელებს ბრუნვას🙂

4 thoughts on “ფლორიანი

  1. მეც მყავს ერთი ასეთი მეგობარი, რომელმაც ავსტრიაში ყოფნის პერიოდი ძალიან გამილამაზა:)

  2. შენ არა,მაგრამ მე მართლა კიინაღამ ვიტირე !

  3. რა არარომანტიკულ ნოტაზე დამთავრდა ეს გულისამაჩუყებელი წერილი :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s