სალომეა

არ გეშინოდეს

5 Comments

„ინსომნიისთვის“ რაღაცის დაწერას მეც ვაპირებდი, მერე გადავიფიქრე. როცა ვიღაცას ეჯიბრები, გულწრფელობით უნდა მოუგო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ჰოდა, ჩემს შიშებზე დაწერა იმიტომ გადავიფიქრე, რომ ჯერ მზად არ ვარ ყველაფრის ხმამაღლა სათქმელად. შიში ისეთი რამეა, მისთვის თვალის გასწორების ნებას რომ არ გაძლევს და დავიწყების ხომ საერთოდ. იმით კი, რისი მოყოლაც შემიძლია, ალბათ ვერავის გავაკვირვებდი, ამიტომ აქ მოვყვები ზოგიერთი მათგანის შესახებ, ისე, არასაკონკურსოდ, ჩემთვის და თქვენთვის.

მოგზაურობა ყველაზე მეტად მიყვარს, ისე მიყვარს, ვერ წარმოიდგენთ. არც წნევის ცვალებადობა მაწუხებს, არც ის, რომ აეროპორტში, საპასპორტო შემოწმების გრძელ რიგში, შესაძლოა, გული წამივიდეს, არც ჩემოდნის სიმძიმეზე ვდარდობ (თუ ვინმე მეგულება, ვინც ჩემს ჩემოდანს ათრევს, მით უკეთესი), ერთადერთი პრობლემა მაქვს _ ფრენის მეშინია.

მახსოვს, პირველად 2006 წელს გავფრინდი ვილნიუსში. ჩემმა მეგობარმა მაკამ, რომელსაც ჩვენს სამეგობროში ფრენის ყველაზე დიდი სტაჟი ჰქონდა მაშინ (მერე მე დავეწიე და გავუსწარი), დიდი ამბით დამარიგა, აფრენის დროს თავი უკან გადამეწია და საღეჭი რეზინი მთელი ძალით დამეღეჭა. გოგოები აეროპორტში მოვიდნენ, მათარით კონიაკი მოიტანეს, როგორც ყოველთვის, თავი გამოიჩინეს და სიმღერით გამაცილეს მაშინ შორეულ და ახლა უკვე მშობლიურ ბალტიისპირეთში.

მაშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შიში მოგვიანებით შემოიჭრა ჩემს საჰაერო სივრცეში, მეხიკო-პარიზის გზაზე. რამდენიმესაათიანმა ტურბულენტობამ მე და მანჩო არც დაგვაძინა და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაპარაკის სურვილიც მოგვიკლა. ხმას თუ ამოვიღებდით, უნდა გვეთქვა, რომ ძალიან გვეშინოდა, ამიტომ ერთმანეთს ვზოგავდით და ჩუმად ვისხედით. ერთად პირველად ვმოგზაურობდით და თუ სწორად მახსოვს, ჩვენი საერთო ჩვევაც მაშინ გაჩნდა: როგორც კი თვითმფრინავი რყევას იწყებს, ორივე მექანიკურად ვშლით მარჯვენა მკლავს და ხელის გულს წინა სკამის საზურგეს ვაჭერთ. არ მკითხოთ, რას ვაკეთებთ ამით, თვითმფრინავს ვამაგრებთ თუ საკუთარ თავებს, ან თუ გინდათ, მკითხეთ, პასუხი მაინც არ მაქვს.

მახსოვს, წამიერად წამთვლიმა და ძლიერმა რყევამ მალევე გამომაფხიზლა. მონიტორს შევხედე _ ისლანდიის თავზე მივფრინავდით. „არა, აქ დორი ცხოვრობს, აქ არ ჩამოვვარდები“ _ ვინუგეშე თავი. ჰო, შიში ასეთი რამეა, ზოგჯერ თვითონ გთავაზობს უცნაურ არგუმენტებს დასამშვიდებლად.

მეხიკო-პარიზს გადარჩენილი ორ დღეში შვედეთში გავფრინდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მართლაც არა ვარ ნორმალური, მაგრამ ასეთი პრინციპი მაქვს _ სწორედ იმას ვაკეთებ, რისიც მეშინია. ბავშვობაში, როცა ყველაზე მეტად სიბნელე მიხეთქავდა გულს, ხშირად ვიჯექი მარტო ბნელ ოთახში _ შიშს ვიჩვევდი და ვათვინიერებდი. ბოლომდე ვერ დავძლიე, მაგრამ რა შედარებაა.

კიდევ ხალხმრავლობის მეშინია, ლამის საქართველო-ხორვატიის მატჩზე არ შევედი იმის გამო, რომ „დინამოს“ ჭიშკრებთან აუტანელი ჭყლეტა იყო. წარმოგიდგენიათ, როგორ ვინანებდი, ეს ისტორიული თამაში რომ გამომეტოვებინა?

არანორმალურად მეშინია ლიფტების. იყო დრო, მეგობრის სახლში, მეცამეტე სართულზე ფეხით ავდიოდი ლიფტის შიშით. რამდენიმეჯერ გავჭედილვარ კიდევაც, საბედნიეროდ, მარტო არასოდეს.

ვერიდები ატრაქციონებს. ერთხელ 3 წლის ასაკში ვიჯექი „მხიარულ გორაკებზე“, მეორედ კი ნავზე, მუშტაიდის ბაღში. ორივე ჩემს გამო გააჩერეს და აწივლებული და ფერწასული ჩამომსვეს. მეტად აღარ ვიზამ🙂

ხშირად მახსენდება, დათო ტურაშვილი წერს თავის რომელიღაც წიგნში, რომ მოსეს 40 მცნებას შორის ერთერთი მთავარი იყო „არ გეშინოდეს“ და მეც ვცდილობ, არ მეშინოდეს.

არ მეშინოდეს, რომ ერთ დღეს ჩემს თვალებს ჩემივე თითების დილა-საღამოს ტრიალი მობეზრდებათ ლინზების ჩადგმა-ამოღების დროს და დამაბრმავებენ,

რომ შვილები არ მეყოლება,

რომ არავის ვეყვარები ისე, როგორც მე მინდა,

რომ მამაჩემივით ახალგაზრდა მოვკვდები,

რომ ჩემი დიდი ბებიასავით მოხუცი მოვკვდები და ყველას სიკვდილს მოვესწრები,

რომ არასოდეს მექნება სახლი ზღვის პირას,

რომ ვერასოდეს ვნახავ სოხუმს,

რომ ერთხელაც გავიღვიძებ და მივხვდები, რომ წერა აღარ შემიძლია,

რომ სინამდვილეში, არასოდეს დამტოვებს ჩემი მთავარი შიში, რომლის შესახებაც მხოლოდ მეგობრებმა იციან და რომელზეც ოდესმე მემუარებში დავწერ.

და კიდევ ბევრი რომ…

ჰოდა, რა მოსატანი იყო ეს ჩემი სულელური შიშები სხვების ფონზე?

ისე კი, მონაწილეობა რომ მიმეღო, ვაპირებდი, მისტიკა დამეწერა, ჩემზე, მარიზე, ზაფხულში შემთხვევით გაცნობილ ბოშა გოგო სონეზე და ჯადოსნურ ზარდახშაზე, რომელიც მარის და ირაკლის მაღაზიაში უდგათ.

5 thoughts on “არ გეშინოდეს

  1. მე მაინც მგონია, რომ შიში რაღაცაზე დაუსრულებელი ფიქრია – ბოლომდე რომ არ იფიქრე და მოიფიქრე და არ გადაწყვიტე შენთვის, რა შეიძლება იყოს უარესი, რაც იმან შეიძლება მოიტანოს ან დაგიშავოს, რისიც გეშინია. აი, მე და აეროპორტები – რა არის საშიში? იდიოტივით მეშინია, რომ გეიტს ვერ მივაგნო, გადაჯდომა ვერ მოვასწრო, სხვაგან არ გავფრინდე. ხო იდიოტიზმია? საბოლოო შედეგზე როცა ვფიქრობ, მეცინება.
    ფრენა? ნუ აი რა, საბოლოოდ ეგეც სიკვდილის შიშუია. თუ მოკვდები, ხო მოკვდები და აღარ შეგეშინდება.

  2. სალომე :* შენი ზოგი შიში ჩემიცაა, ზოგი არა.
    ამდენი სულისშემძვრელი რაღაც გეწერა , მაგრამ მე ბოლო აბზაცმა მომსპო🙂

  3. როგორი გოგო იყო ის ჩვენი სონე, სულ მახსენდება :)))

  4. აუ, ქევან, მაგის მგონი მეც მეშინია :დ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთხელ კინაღამ ტუნისში გავფრინდი თბილისის მაგივრად :დ ეგეთი ამბები ალბათ ცალკე უნდა დავწერო :დ

  5. “რომ მამაჩემივით ახალგაზრდა მოვკვდები,
    რომ ჩემი დიდი ბებიასავით მოხუცი მოვკვდები და ყველას სიკვდილს მოვესწრები”❤
    როგორ შეიძლება, სალომე, რომ შენ ვინმეს არ შეუყვარდე, ერთს მაინც, ერთს მაინც ისე, როგორც შენ გინდა! მგონი ეს შეუძლებელია.
    აუცილებლად გეყოლება შენნაირი ლამაზი და ჭკვიანი შვილები…
    და კიდევ, მეასეჯერ გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ. რა ბედენაა, მაგრამ მაინც :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s