სალომეა

სანამ თქვენ გეძინათ

6 Comments

ჩემი მეგობარი ნორინი ამბობს, რომ მე სიზმრების მთხრობელი ვარ. ნორინი პაკისტანელია და სინამდვილეში, კარგად არც იცის, რას ვწერ, მაგრამ მოუსმენია, როგორ ვყვები სასიყვარულო ისტორიებს. ნორინი თვითონაც წერს და ამიტომაც ხვდება, რომ რასაც ვყვები, იმავეს ვწერ, ოდნავ სხვა სიტყვებით. თუმცა ამაზე სხვა დროს.

მახსოვს, როცა ჩემი წიგნი, „მოხსენებითი ბარათი“ გამოვიდა, მეგონა, ვეღარასოდეს ვეღარაფერს დავწერდი. ისიც კარგად მახსოვს, როცა მთავარი ნერვიულობები უკან დარჩა, როგორ ვუყვებოდი პრეზენტაციაზე მოსულ ჟურნალისტებს, რომ ჩემი წიგნი მოგზაურობაზეა, ქალაქებზე, თვითმფრინავებზე, აეროპორტებზე, სახლებზე და სასტუმროებზე, სადაც მიცხოვრია, ჩემს მეგობრებზე, რომელთაგანაც ზოგი ჩემი თანამგზავრი იყო, ზოგი კი სადღაც მელოდა. მოკლედ, რთული არ იყო.

ახლა კი მართლა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა კარს მომდგარ პრეზენტაციაზე, რა უნდა ვთქვა, როცა მოვლენ და მკითხავენ, რაზეა „ამბავი უძინართა“, თითქოს მარტო სათაური საკმარისი არ არის, ან ერთადერთი ნათურა, გარეკანს რომ ანათებს, თითქოს წიგნის ყდის ჭრელ სილურჯეში მე არ ვჩანვარ.

არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, იმიტომ, რომ „ამბავი უძინართა“ საშინლად პირადული წიგნია, იმდენად პირადული, რომ აღარ მინდა, რომელიმე სხვა წიგნიც, რომელსაც მომავალში დავწერ, ასე დაიბადოს _ ჩემი ნერვების გავლით და ასეთი იყოს _ ძილის დროს ყინულიანი წყლის გადასხმასავით აუტანელი.

ჩემი მეგობარი ნორინი მართალია, მე სიზმრების მთხრობელი ვარ, სიზმრების, რომლებსაც კარგა ხანს ცხადში ვხედავდი და ერთ დღეს დავკარგე, სიზმრების, რომლებიც ერთ დღეს უბოდიშოდ მოვიდნენ ჩემთან, ჩამომისახლდნენ და წელიწადნახევარი არ დამაძინეს, არ დამაძინეს მანამდე, სანამ „ამბავი უძინართა“ არ დავწერე.

ეს წიგნი ჩემზეა. მართალია, მე, რედაქტორმა, გამომცემელმა და ჩემმა მეგობრებმა ბევრი ვიბჭეთ, როგორი უნდა ყოფილიყო მიძღვნა, რომელიც ლექსებს წინ უძღვის, მაგრამ სინამდვილეში, ეს წიგნი ჩემზეა. ამას ვამბობ ხმამაღლა და ჯიბრით, ისევე, როგორც მარტოხელა დედები ამბობენ შვილებზე: „მარტო ჩემია!“ მაშინ, როცა ბავშვების მამები მიდიან და აღარ ბრუნდებიან.

იცით რა, მე ყოველთვის ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო ამ წიგნის პრეზენტაცია და რა უნდა მცმოდა მე _ შორტებით და რამდენიმე ზომით დიდი პერანგით უნდა ვმდგარიყავი სადმე, ყვავილებიან ეზოში და მეთქვა: „მადლობა მას, ვინც გარდაუვალი გახადა ამ წიგნის არსებობა.“ ახლა კი ყველაფერი სხვაგვარად გამოდის, ან ნეტავ რა გამოდის ამქვეყნად ისე, როგორც ჩვენ გვინდა? და საერთოდ, მგონი, უკვე აღარ მჯერა ნიშნების. მგონი, ყველაფერი სისულელეა და ჩვენ, ადამიანები, ბუნებით მექოთნეები ვართ _ საითაც გვინდა, ქოთანს ყურს იქით ვუკეთებთ.

ჩემს სენტიმენტებს რომ არ გადაგაყოლოთ, გეტყვით: წიგნს გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს და აქვე დიდ მადლობას გადავუხდი ზვიად კვარაცხელიას, რადგან მისი მონდომებისა და ჩემდამი ნდობის გარეშე არც წიგნები მექნებოდა და არც თაროზე ამაყად შემოდგმული „საბა“. ზვიადთან ერთად დიდ მადლობას ვუხდი მაიკო კუდავას, მარიკა ბაკურაძეს და გვანცა ჯობავას, და საერთოდ, „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მთელ შემადგენლობას, იმისთვის, რომ არიან პროფესიონალები და არიან საოცრად კარგი მეგობრები.

დიდი მადლობა ჩემს რედაქტორს, დიანა ანფიმიადს. ის მსოფლიოში საუკეთესოა.

დიდი მადლობა გარეკანის მხატვარს, ნინიკო რუხაძეს, ჩემი სიზმრებისა და ფიქრების ქაღალდზე გადატანისთვის.

ტრადიციულად, უდიდესი მადლობა ჩემს მეგობრებს. მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა.

განსაკუთრებული მადლობა ასტორ პიაცოლას _ ყველა ლექსი მისი მუსიკის ფონზეა დაწერილი.

საპრეზენტაციო ნერვიულობა ჯერ კიდევ წინაა, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სხვანაირად გამორიცხულია, როცა საქმე მარიკას აბარია და ჩემი გოგოებიც ბრუნდებიან აგარაკებიდან. მოკლედ, დროს და ადგილს შეგატყობინებთ და გელოდებით.

სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია, როგორ მიიღებს მკითხველი ამ წიგნს, მეშინია, რომ ვერ გაგაკვირვებთ. ეს ლექსები არ დაწერილა აეროპორტებში, ძირითადად, სახლში დაიწერა, გამთენიისას, სანამ თქვენ გეძინათ, სანამ ჩვენ ვფხიზლობდით. ჰოდა, არ ვიცი, ღამისთევებით როგორ გაგაკვირვოთ, როცა სიყვარული, რომელზეც ამდენი იწერება, სინამდვილეში, არავის სჭირდება, სრულიად არავის.

და ბოლოს:garekani

აი, ცოტა ზემოთ, მადლობები რომ გადავიხადე, მინდოდა, მისთვისაც მეთქვა მადლობა, მაგრამ გადავიფიქრე.

6 thoughts on “სანამ თქვენ გეძინათ

  1. მოუთმენლად ველი წიგნს❤

  2. გადაფიქრების ამბავი მომეწონა ყველაზე ძალიან ^_^

  3. აქაც უნდა დავწერო, რომ საოცარი გოგო ხარ და მიყვარს შენი ლექსები❤

  4. კიდევ მილიონ შენს წიგნს დავუხატავ გარეკანს ! ! :* :*

  5. sad sheidzleba rom vikido?

    • “ბუქ სითიში” და “სანტა ესპერანსაში” რომ არის, ნამდვილად ვიცი🙂 მგონი, “ბიბლუსში” არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s